გლდანის რაიონის გამგეობისა და ,,თბილსერსვის ჯგუფის’’ ორგანიზებით, მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა დღეს გლდანის რაიონში. მე-6 მ/რ-ის მეშვიდე და მეოცე კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარზე მეტ ფართობზე, გაითიბა ბალახი, მოხდა არსებული სანათების რეაბილიტაცია და დაზიანებული ფურნიტურების დემონტაჟი. გარდა ამისა, მთლიანი ობიექტი გაიწმინდა სამშენებლო ნაგვისგან და მოწესრიგდა სათვალთვალო ჭები.
აქციაში მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მიიღო.
საკმაოდ დიდ ფართობზე მდებარე სკვერი წლებია უფუნქციოა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გლდანის რაიონის გამგეობას ამასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა აქვს. პირველ ეტაპზე დასუფთავების აქცია მოეწყო, შემდეგ ეტაპებზე კი ახალი სკვერის კონცეფცია შეიქმნება და დაიწყება მის განახლებაზე ზრუნვა.