დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group-მა დაასუფთავა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, გარევაჭრობის საკითხის მოწესრიგება მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს. „ჩვენი თვითმიზანი არ არის გარემოვაჭრეების შემოსავლის გარეშე დატოვება. პირიქით, მათ საქმიანობის სხვადასხვა ბაზრობაზე გაგრძელებას ვთავაზობთ. ბაზრობების ადმინისტრაციასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში გარემოვაჭრეებს ადგილებს საიჯარო გადასახადის გარეშე გამოუყოფენ“,-განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს და უახლოეს მომავალში გარევაჭრობის პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოწესრიგდება. დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ. შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს, მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. #თბილისი2017 #გარევაჭრობა