სადგურის მოედანზე უნებართვო კონსტრუქციების გატანა დაიწყო
24 April, 2017
დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიას "თბილსერვის ჯგუფი" ასუფთავებს. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა შეეწყვიტათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა. დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ. შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს, მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. #თბილისი2017 #გარევაჭრობა