"თბილსერვის ჯგუფსა" და "კა დე ვე ჯორჯიას" შორის მემორანდუმი გაფორმდა
13 May, 2016
ქალაქ თბილისის მერიას, შპს ,,თბილსერვის ჯგუფსა” და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ და შპს “კა დე ვე ჯორჯიას” დირექტორმა ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ინდუსტრიულ სფეროში - ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით.
„ინტერესთა გამოხატვის წესების შესაბამისად, კომპანიასთან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც შპს “კა დე ვე ჯორჯია” იღებს ვალდებულებას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეათანხმოს დოკუმენტაცია და წარმოადგინოს ამის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის, ისევე როგორც, საბანკო გარანტია უნდა იქნეს წარმოდგენილი დადგენილი მოთხოვნების მიხედვით, რათა ამის შემდგომ უკვე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადავიდეთ, ამიტომაც დადგენილი წესის მიხედვით მივყვებით ყველა პროცედურას ნაბიჯ-ნაბიჯ, რათა, სწორედ, წესების მიხედვით მოხდეს კომპანიასთან შეთანხმების გაფორმება“,- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. თანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, შპს “კა დე ვე ჯორჯია” უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის და მშენებლობის ნებართვის წარმოდგენას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოეწყობა საჯარო განხილვები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით.