“თბილსერვის ჯგუფის” განცხადება
23 მაისი, 2016
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, დასრულდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის ქალაქის“ შერწყმა /გაერთიანება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.