ინფორმაცია არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების შესახებ
25 ივლისი, 2025
ბოლო პერიოდში დედაქალაქში არსებულ ურნებთან ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო-სარემონტო ნარჩენი, ძველი ავეჯი და ნივთები, მეორადი საბურავები. ბუნებრივია, ზაფხულის განმავლობაში მატულობს სარემონტო სამუშაოები და ამ მხრივ მდგომარეობა სწორედ ამ სეზონზე რთულდება.
კონტეინერებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება იწვევს ნაგავმზიდი მანქანების შიდა ნაწილების დაზიანებას, რომლის შეკეთებაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. მწყობრიდან გამოსული სპეცტექნიკის გამო კი ფერხდება ურნების დაცლის პროცესი.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გავითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და არ განვათავსოთ უკანონოდ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი, ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს, ქალაქს და უბანს, სადაც ვცხოვრობთ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მუყაოს ყუთები, შეფუთვის ნარჩენი კონტეინერებში აუცილებლად უნდა განთავსდეს დაკეცილ ან დაჭრილ მდგომარეობაში, რომ არ მოხდეს ურნების გადავსება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში და მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენის, ძველი ავეჯისა და ნივთების განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. შეგიძლიათ ისარგებლოთ ხელსაყრელი მომსახურებით - ასეთი ტიპის ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს წითელ ხაზებში ან „თბილისური ეზოს“ შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და შეღავათიანი ტარიფით „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 72 საათის განმავლობაში ადგილიდან გაიტანენ.
ასევე, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge
ნუ დაარღვევ კანონს, იზრუნე შენს ქალაქზე.