მორეცხვის სამუშაოები საბურთალოს რაიონში
01 აგვისტო, 2025
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის ქუჩების სპეცმანქანებით მორეცხვას ინტენსიურად განაგრძობს. ამჯერად საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირი (მეტროსადგურ „დელისამდე“), ყაზბეგის, პეკინის გამზირები, ასევე, კოსტავასა და შარტავას ქუჩები მოირეცხა.
ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.
„ზაფხულის ცხელ დღეებში დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია გზების მორეცხვა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ყოველდღიურად სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე ასრულებენ ამ ტიპის სამუშაოებს. ქუჩების მორეცხვა გვიან ღამის საათებში და გამთენიისას სრულდება, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.
საბურთალოს რაიონის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილის გარდა კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოირეცხა. ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ვაკის რაიონის საგზაო მონაკვეთზეც (მეტროსდაგურ „დელისის“ შემდეგ) რეგულარულად სრულდება მორეცხვის სამუშაოები.