შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
დედაქალაქში გზების გაწმენდა ინტენსიურად გრძელდება
18 იანვარი, 2026
დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშულებითაც იყრება ტექნიკური მარილი.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.

„მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური - „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან აქტიური თანამშრომლობა ხდება საპატრულო პოლიციასთან, „112“-თან, რადგან თუ რაიმე აუცილებლობა არსებობს, ცხელი ხაზი ჩართულია და გვაწვდიან ინფორმაციას, სად რა მდგომარეობა არსებობს. გარდა ამისა, მოქმედებს დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზი. ინფორმაციას ასევე ვიღებთ ავტობუსების მძღოლების საშუალებით. ცენტრალური გზები და გამზირები, ასევე, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია. ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა არსად გვაქვს. დღეს ღამე და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში, მოსალოდნელია უხვი ნალექი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გზებზე შეფერხება არ იყოს. ტექნიკური მარილის დაყრის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. აქვე მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, რომ ზამთრის საბურავების გარეშე თავი შეიკაონ გადაადგილებისგან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“, რაიონული გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ასევე, მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)