შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი ტექნიკისა და სამუშაო ფორმების პრეზენტაცია გამართა. დასუფთავების განახლებული აპარატები და ტექნიკური პერსონალისთვის ახალი დიზაინით შექმნილი სამუშაო ფორმები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2015 წლის ბოლოს რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა და ათი ერთეული სპეც-ველოსიპედი შეიძინა, რომელიც, დედაქალაქის ვიწრო ქუჩებისა და სკვერების დასუფთავებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ველოსიპედები, ასევე, მოსახერხებელიასახალხო დღესასწაულებთან დაკავშირებით დედაქალაქში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებებზე. ამასთან, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ათი ახალი ფოთოლშემგროვებელი აპარატი, რომლებსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმდინარე სეზონზე აქტიურად იყენებს და ტექნიკა როგორც დროის, ასევე, საკადრო რესურსის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
დღესვე, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ წლის საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინა. გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცა. ასევე, დასაჩუქრდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მთელი წლის განმავლობაში, შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქტიურად უჭერდნენ მხარს.
„ჩვენ დღეს დავაჯილდოვეთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდნენ და რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი ყოფილიყო უფრო მეტად მოწესრიგებული. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განვაახელთ ტექნიკა და დამხმარე საშუალებები, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად დავასუფთაოთ ქალაქი. ამ ყველაფერმა ერთად, რა თქმა უნდა, ის შედეგი უნდა მოგვცეს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო დასუფთავებული და მოწესრიგებული გახდეს. განსაკუთრებული აქცენტი ზამთრის განმავლობაში იმ ტექნიკაზეა გაკეთებული, რომელიც თოვლის და ყინვების დროს ქალაქს, შესაბამისად, მოემსახურება. ამ თვალსაზრისით ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს. ასევე, თანამშრომლებს შევუძინეთ ტანსაცმელი, ინვენტარი, ყველაფერი იმისათვის, რომ მათაც უფრო მეტი მოინდომონ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე ადრე დგებიან და ყველაზე გვიან იძინებენ, იმისათვის რომ მთელი დღის განმავლობაში ასუფთაონ ქალაქი და თითოეულ ჩვენგანს არ გვქონდეს დისკომფორტი. შედეგი, გარკვეულწილად უკვე მიღწეულია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ უფრო მეტი და უფრო აქტიურად ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ერთის მხრივ დავაჯილდოვოთ წარმატებული ადამიანები და მეორეს მხრივ, ვისაუბროთ სამომავლო ამოცანებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა პრეზენტაციის ბოლოს შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა და წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.