შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო
26 დეკემბერი, 2017
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო.
მიწისქვეშა გადასასვლელში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო და ახალგაზრდებს პროექტში მონაწილეობისთვის  მადლობა გადაუხადა.
„აქ არსებული სიტუაცია მართლაც ძალიან მძიმე იყო, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყეს. მიხარია, რომ ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  ქალაქის განვითარებაში, გალამაზებასა და კეთილმოწყობაში საზოგადოების ჩართულობა იყოს. შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებმა სოლიდარობა გამოიჩინეს და ქალაქს ალამაზებენ. ჩვენ მათ ამ მიმართულებით ყველანაირად შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებს, კახა კალაძის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ამ მხრივ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რომელსაც ხვალ, ადგილზე გაეცნობა.
„ხვალ ვაპირებ, რომ იქ მივიდე და არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებთ, რადგან მიწისქვეშა გადასასვლელებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. შესაბამისად, მათი მოწესრიგება და სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვის მსურველები თბილისის მერიასა და „თბილსერვის ჯგუფს“ სოციალური ქსელისა და ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა. სწორედ ასე  შეირჩა 30 მხატვარი, რომლებიც გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებენ.
კახა კალაძის დავალებით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფმა“ მორეცხვითი სამუშაოები განახორციელა. პარალელურად, მოეწყო განათების ქსელი და დამონტაჟდა ანტივანდალური LED სანათები.
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, ეტაპობრივად, „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)