დასუფთავების მსოფლიო დღე
17 სექტემბერი, 2022
,,თბილსერვის ჯგუფი" დასუფთავების მსოფლიო დღეს შეუერთდა
დასუფთავების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლი და მიმდებარე ფერდობები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან გაიწმინდა. ღონისძიებაში დასუფთავების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ფაჩულიამ, კომპანიის 50 თანამშრომელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ
პავლიაშვილმა, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავების მსოფლიო დღე სამი დღის განმავლობაში აღინიშნება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დასუფთავების პროცესში მეტი ჩართულობაა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“ (Supporting local environmental action to make a world of difference).
კამპანია ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტი ხორცილდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT) და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში.