მდინარე გლდანულის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავდა
28 ივლისი, 2023
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მდინარე გლდანულის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავეს. ტერიტორია სპეცტექნიკის საშუალებით სამშენებლო ნარჩენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გაიწმინდა.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.
„კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ჩავატარეთ გლდანის რაიონში, კონკრეტულად, გლდანულაში, N8 კორპუსის მიმდებარედ. ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის გაწმენდას ითხოვდა და რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირებაც მყისიერი იყო. მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენისა და გამოუსადეგარი ავეჯის გადაყრა დაუშვებელია. სამწუხაროდ, დამონტაჟებული ფოტოხაფანგებიც მოიპარეს, თუმცა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აუცილებლად გაკონტროლდება მიმდებარე ტერიტორია“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.