შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
საკრებულოში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს მოუსმინეს
23 მაისი, 2016
საკრებულოში დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს ხელმძღვანელისგან დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 
სხდომას შპს ,,თბილსერვის ჯგუფის’’, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სამგორის მუნიციპალიტეტის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, შპს-ების ,,დაგი“, ,,გამა“, წარმომადგენლები და დიდი ლილოს ნასაგურისა და წინაუბნის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. 
სხდომა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 
გულიკო ზუმბაძემ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მასში კომისიის ჩართულობაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ძალისხმევითა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, 2016 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების საფუძველზე ნაგავსაყრელის პრობლემები მიმდინარე წელს მოგვარდება. 
შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“-ს დირექტორის ლევან ჯღარკავას განაცხადებით, ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ შეასრულებს. მისივე თქმით, დაგეგმილია გაზშემკრებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოების ეტაპობრივი განხორციელება, რაც აღნიშნულ პოლიგონზე არსებული ვითარების გაუმჯობესებასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
პრეზენტაციის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სხდომის მონაწილეებმა საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 
,,პრეზენტაციის მიზანი ჩასატარებელი სამუშაოების მოსახლეობასთან ერთად გაცნობა, სისტემატური მონიტორინგის განხორციელება და ნაგავსაყრელის კონსერვაციისთვის საბოლოოდ მომზადებაა’’,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ კომისია ახალი უსაფრთხო ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს მომავალ მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს აქტიურად მიადევნებს თვალყურს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)