გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია წელს განხორციელდება
15 თებერვალი, 2024
ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი ხელშეკრულება „თბილსერვის ჯგუფსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა.
ერთი წლის განმავლობაში კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოს პროექტირებას და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. პროექტის მიზანია დედაქალაქს ჰქონდეს გარემოსთვის უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოგისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური.
მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.
პროექტის ღირებულება 4 409 660 ევროს შეადგენს და მისი განხორციელება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხდება.