შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
განცხადება აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
29 აგვისტო, 2023
"თბილსერვის ჯგუფის" განცხადება აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით

გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშულებებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება შპს "თბილსერვის ჯგუფის" 2020-2021 წლების საქმიანობას.

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. საუბარია, როგორც დასუფთავების დეპარტამენტზე, ისე სანიაღვრე, გარე განათების, გზების დახაზვის, პოლიგონებისა და სხვა სამსახურების თანამშრომლებზე, რისთვისაც კომპანია მათ სრულიად დამსახურებულად უხდის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას. ჩვენს თანამშრომლებს განსაკუთრებით რთული რეჟიმი აქვთ ზამთარში, თოვლიანობის პერიოდში. აღსანიშნავია თბილისის შემოერთებული ტერიტორიები, სადაც ასეთ დროს 24/7-ზე გაუჩერებლად უწევთ მუშაობა.

აგრეთვე, იმ პერიოდში, რომელსაც ეხება აუდიტის დასკვნა (2020-2021 წლები), "თბილსერვის ჯგუფის" სპეცტექნიკის დიდი ნაწილი ამორტიზებული და გაუმართავი იყო, ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ახალი ტექნიკა, თუმცა დედაქალის დასუფთავება და სხვა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდებოდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა არსებული ტექნიკის რემონტი და შეკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტად გართულდებოდა საჭირო სამუშაოების სპეცტექნიკით შესრულება. მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის გამოიყო სპეცმანქანების სარემონტო ხარჯები.

რაც შეეხება ავტომანქანების შესყიდვას, ზოგადად, როდესაც ამორტიზებული ან გაუმართავი ავტომანქანების შეკეთებისა და მოვლა-პატრონობის ხარჯი სცილდება საბალანსო ღირებულებას, საჭირო ხდება ახლით ჩანაცვლება. ავტომანქანებისა და სპეცტექნიკის შეძენა მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე ხდება.

„თბილსერვის ჯგუფი’’ მისთვის საჭირო შესყიდვის ობიექტის/მომსახურების შეძენას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით ახორციელებს. მათ შორის, კანონის სრული დაცვით მოხდა გარე განათების ბოძებისა და LED სანათების შესყიდვა 2020 წელს. მას შემდეგ, რაც 2019 წელს ორ ელექტრონულ ტედერში შპს „მონტაჟ ჯორჯიასა“ და ასევე, სხვა პრეტენდენტ კომპანიებს, ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო, სამართლიანად მიეცათ დისკვალიფიკაცია, ხელახლა მოხდა ბაზრის კვლევა. მოგეხსენებათ, პანდემიის ფონზე, ყველა ტიპის პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა გარე განათების ბოძებისა და LED სანათების შესყიდვის თანხაც. 2019 წელს ორჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, იმისათვის, რომ კონკრეტული პროექტის დასრულების ვადები არ შეფერხებულიყო, 2020 წელს, კანონის სრული დაცვითა და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, პირდაპირი წესით შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდა შპს "მონტაჟ ჯორჯიასთან".

აუდიტის დასკვნაში მოცემულ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შპს "თბილსერვის ჯგუფის" საპასუხო შენიშვნები და შესაბამისი დოკუმენტაცია, ჯამში, 600 გვერდი აუდიტის სამსახურს წერილობით გაეგზავნა 2023 წლის 21 აპრილს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)